ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული აფხაზეთის პორტალი ავრცელებს.
ინფორმაცია მედიასთან ოუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა დაადასტურა.
რუსლან თარბას თქმით, სამხედრო მოსამსახურეს დაურეგისტრირებელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.
დე ფაქტო სამხედრო პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები განიხილავენ სხვა ვერსიებსაც.
გამოცემა, დაკავებას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებას უკავშირებს.
დე ფაქტო სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და იყვნენ ფხიზლად. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის ზოგიერთი სკოლა სამართალდამცველებმა შეამოწმეს.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ტელეგრამის არხებზე ტერორისტული საფრთხის შესახებ ანონიმური შეტყობინება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ვიღაც აფინანსებდა საქართველოს მხრიდან დიდ ტერორისტულ აქტს“.
ოკუპირებული აფხაზეთის წყაროების გზავნილზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
„ამავდროულად, გასულ კვირას დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ფორმალურად დატოვა „ქართული ოცნება“, საპარლამენტო ოპოზიცია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სერიოზული პროვოკაციების დაგეგმვაში“ დაადანაშაულა.
ამ პროვოკაციის შედეგი, პარლამენტარის თქმით, საქართველოს დესტაბილიზაცია უნდა იყოს“,- წერს ekhokavkaza.