სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას.

„მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.​ ​დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სურვილი ოფიციალურად გამოხატა.

ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაზრდა რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს," - აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.