აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია მომავალ კვირას ეწვევა ჩინეთს, რათა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი მოამზადოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
აშშ-ის განცხადება მოჰყვა თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირის კომენტარს, რომ ჩინეთს მოკლევადიან პერსპექტივაში სურს სტაბილური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რადგან ის შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკი და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი დირექტორი ლორა როზენბერგერი 11-14 დეკემბერს გაემგზავრებიან ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერები G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ უფრო გახშირდება კომუნიკაცია ადამიანის უფლებებთან, რუსეთის შეჭრასთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.