ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ.
ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.