პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი იმედოვნებს, რომ დასავლური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას სწრაფად დაიწყებენ.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება განვითარებაში.

ამ პორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ რუსეთის გვერდის ავლით მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის ძირითადი ნაწილი გახდეს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ დასავლური კომპანიები პროექტში ინვესტიციებს სწრაფად განახორციელებენ.  

ანალიტიკოსის შეფასებით, პროექტი თავის წვლილს შეიტანს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა ეს ვერ იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ რატომ, პოლ გობლი ასეთ განმარტებას გვთავაზობს.

„სამწუხაროდ, პორტების დაბლოკვა საკმაოდ მარტივად შეიძლება“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი.


პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან.


Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში.

სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა.

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში.


ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე.

„საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. 

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს.

12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.