საქართველოში ვიზიტისას, რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის განვითარების მნიშვნელობა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

ხაზგასმით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

„ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ NATO-ს ძირითად ჯგუფს და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.