ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანში, „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს. 

ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ეს ახალი იდეა არ არის და ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად. 

„არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია.

ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.


ასევე წაიკითხეთ: