მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების შესრულების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯებს - დარჩიაშვილი

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესი 2023 წელს შეფასდება“, – წერს დარჩიაშვილი.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.