მედია: ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაშვებულ აკრძალვას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Abcnews-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება.

სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

ცნობისთვის, 2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას კრძალავს. 2020 წლის 22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნება დართო თავისი პოლიტიკა აღასრულოს და ქვეყნის სამხედრო სამსახურში ზოგიერთი ტრანსგენდერის მსახურება აკრძალოს.