ელჩი დეგნანი: აშშ საქართველოს სტაბილური დემოკრატიის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია

რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას შემდეგ, რაც 30 წლის წინ, საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა რეპრესიებისგან და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა მტკიცე მისწრაფება, გაემყარებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტის განმავლობაში, საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ამ ძალისხმევაში. 

ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად შრომობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები.

ამ მეგობრობის ასაშენებლად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ვიხსენებთ განვლილ პერიოდს და ამავდროულად, ვფიქრობთ მომავალზე, იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ერთობლივად მომავალში“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.


ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა - „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“.

ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.

ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ­-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.