ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის შემოტანის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას Timesofisrae-ი ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა უცხოურ თვითმფრინავს ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლა ან ბენ-გურიონის აეროპორტში დაშვება ეკრძალება. გამონაკლისი იქნება სატვირთო და საგანგებო სამსახურების თვითმფრინავებისა და იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე შევლენ.

გარდა ამისა, ისრაელიდან ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრობა მკურნალობას, სამუშაოს, იურიდიულ პროცედურებს, ოჯახის წევრის გარდაცვალებასა და ბინადრობის ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებას უკავშირდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჰერმეტულად დალუქავს.

„ჩვენ ჰერმეტულად ვხურავთ ქვეყანას. მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ერთი მილიონი მოქალაქე გაივლის ვაქცინაციას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აღნიშნული შეზღუდვა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.