ელჩი დეგნანი: ჩვენთვის შემაშფოთებელია ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა

„შემაშფოთებელია როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აშშ-ის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს კონფერენცია უკვე ათი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქალთა და გოგონათა სოციალური, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობა არის პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამ კუთხით ცნობიერება გაიზარდოს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს, ასევე მინდა გითხრათ ცხელი ხაზის შესახებ, სადაც მსგავსი შემთხვევევბის დროს შეუძლიათ, დარეკონ -116006“,  – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

ცნობისთვის, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.