დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება - ომბუდსმენის აპარატი

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.

ომბუდსმენის აპარატი თვლის, რომ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას:

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2022 წლის 14 დეკემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა სამედიცინო დაწესებულებაში პატიმარ მიხელ სააკაშვილის პალატის ვიდეო ჩანაწერები.

სამსახურის განმარტებით, კადრების გასაჯაროება მოხდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ეს კადრები ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ასევე უწყება მიუთითებს, რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ  არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ოფიციალური განმარტების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.

ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის. ამ შემთხვევაში კი სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი საჯარო განმარტების გათვალისწინებით, კადრების გასაჯაროება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად და ადეკვატურად შემდეგ გარემოებათა გამო:  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნა გამოქვეყნდა 2022 წლის 6 დეკემბერს. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინა პერიოდთან შედარებით გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას.

განვითარებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ არა ერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და შეფასების მომენტისთვის, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური კატაბოლიზმის (ე.წ. ორგანიზმის თვითმონელება) ფაზაში, რასაც ადასტურებს განსაკუთრებით ოქტომბრიდან ძალიან აჩქარებული წონის კლება.

2022 წლის 6 დეკემბრის ექსპერტთა დასკვნა შეიცავს დამატებით დიაგნოზს, რომელიც არ გასაჯაროებულა მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს). ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე.

2022 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა. აღნიშნული მსჯელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო შეფასებას. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტის აგრესიული ქმედება იდენტიფიცირებული დიაგნოზების ერთ-ერთ შესაძლო დამახასიათებელ ქცევად მიიჩნევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს პატიმარ პაციენტს, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს და არ გამოიყენოს პატიმრის სამედიცინო ჩვენება მის საწინააღმდეგოდ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში.

აღსანიშნავია რომ პაციენტის მკურნალი ექიმების გადმოცემით, 2022 წლის 4 ოქტომბერი (ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილის თარიღი) არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რასაც მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო.  მიხეილ სააკაშვილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი.

შესაბამისად, გასული პერიოდის კადრების გასაჯაროებით პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ არსებული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. ამავე დროს გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას. აპარატის შეფასებით, ამ ეტაპზე აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო და სამართლებრივი ღონისძიებების გადადგმა, რომელიც პატიმრის/პაციენტის რეალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს  სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა  და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება." ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.