2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდა იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება). თუმცა, განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი, შემდგომ, განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით.
აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და გარკვეულწილად, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30%-ს.
შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:
• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი.
• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი.
• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.