ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ

მიხეილ სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს, მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს.

მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკვების შეტანა. მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ საბადრაგო სამსახურს და ისინი თავის ხელმძღვანელობას აცნობებენ და ამ საკითხებში გაარკვევენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.