თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი

ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი, - ასე აფასებს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს უკავშირდება.

„ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. არ ვიცი, ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში. პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა",- აღნიშნა წულუკიანმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.