საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს.
თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს. ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.
„ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა,სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.