ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ამასთან, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მათივე ცნობით, საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე, ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.