სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს.
დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.
შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 21:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც "ქართული ოცნების" ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ.
მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.