საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
შეხვედრაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ.
შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.