სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში „ხანგრძლივ ომს“ გეგმავს

რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ვინც NATO-ში კიევს უჭერს მხარს, უნდა განაგრძოს იარაღის გაგზავნა მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.

ამის შესახებ პარასკევს AFP-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, ამ ომში დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჩართული და ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, ისევე როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან „უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება" უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთი 200 ათას ახალ სამხედროს მობილიზებას ახორციელებს და შესაძლოა, 2023 წლის იანვარში კიევის აღება სცადოს.