თბილისის მერია 15 ოჯახს გაფრთხილებას აძლევს. თუ სოციალურად დაუცველები და დევნილები ჩუბინაშვილის 52 ნომერში მდებარე ყოფილი სპორტული კოლეჯის შენობას არ დატოვებენ, მერია რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს.
მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს და ისინი ამ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილები.
ამასთან, მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს შესთავაზებენ სოციალური პროგრამებით დახმარებას.
"თბილისის მერია მზად არის სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, თბილისში ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს აღნიშნულ ოჯახებს. ასევე, ვუქირავოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელია უიმედოდ ელოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოაღნიშნულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყონებლივ დაიწყონ ქონების და ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის," - განაცხადა თბილისის მერიის წარმომადგენელმა.
15 ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათი განცხადებით, თავის დროზე ისინი აქ ხელისუფლებამ შეასახლა და წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ფართების დაკანონებას.