მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიულ შეთანხმებას, აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში გამორჩეული ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად ხდება ამ მიმართულებით მწვანე, განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ასევე, როგორც გადაცემის ნაწილში, საქართველოს მომავალშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანაა ამ შეთანხმების მონაწილე, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ეს პოლიტიკური ჟესტი, მისი აქ ჩამობრძნება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს, ერთი მხრივ, მხარდაჭერა ექნება, მეორე მხრივ, საქართველოს ენიჭება კიდევ მორიგი ბერკეტი, შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
- ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს
ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.