მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე დანაშაული, როდესაც ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში.
„ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ დავკარგეთო, მაგალითად ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც ჩვენ მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ.
ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები.
რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ეს სიმართლე დღეს დამტკიცებულია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვა სამხედრო ტყვეები აწამეს და მოკლეს რუსებმა, რომ ოკუპაცია მიმდინარეა. ეს სიტყვაც სანატრელი იყო „ნაცების“ დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არცერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.