NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის უახლოეს მომავალში განახორციელებს.
NATO ვიზიტის დაგეგმვაზე მუშაობს.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება.
„NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს და ველით, რომ ის რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის მთიან ყარაბაღში.
NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ორივე მხარეს, რათა მხარეებმა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.
საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს თბილისი შესთავაზა პლატფორმად. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი მართავენ შეხვედრას, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ პარტნიორებს“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.