Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრე ვინიკოვთან.
- NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს - ამბობს Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი. ასახელებს სფეროებს, სადაც მოკავშირეებს საქართველოს მხრიდან პროგრესის ხილვა სურთ. ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციისა და NATO-ს რეკომენდაციების თანხვედრაზე და ამბობს, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ვრცელი ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ მოსალოდნელ ვიზიტზე, გაიგებთ, რა მისიით ეწვია საქართველოს NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი და რა დოკუმენტს წარუდგენს ალიანსი საქართველოს მთავრობას მომავალ წელს.
ET: NATO-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ალიანსის მხარდაჭერის გამოყენების კუთხით მიაღწია?
ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა.
ეს თანამშრომლობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს საჭირო რეფორმები და მის მიზანს, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს.
საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს.
ET: უფრო კონკრეტულად, თქვენი შეფასებით, რა მიმართულებით არის საჭირო ყურადღების გამახვილება?
ალექსანდრე ვინიკოვი: როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს.
როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში.
სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის.
მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ.
ET: NATO-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე გააძლიერა პარტნიორების მხარდაჭერა. მადრიდის სამიტზე მიღებული პაკეტის შემდეგ, რაც საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას გულისხმობს, ალიანსი პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ხშირად საუბრობს. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ბუქარესტის შეხვედრა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს ადრე, თუნდაც ომამდე იყო გათვალისწინებული.
ალექსანდრე ვინიკოვი: მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვთვლით, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში, ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) გაიმეორეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს და ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს.
ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო მომავალში NATO-ს წევრი გახდება. ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს, რადგან NATO-ში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვითი ძალები არ შედიან, ალიანსში მთელი ქვეყანა წევრიანდება.
ამიტომ არის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება. განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეფორმები კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმებისა და მედიის თავისუფლების სფეროში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის შემდგომი ტრანსფორმაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გადაჭრან ეს პრიორიტეტები.
საქართველოს აქვს NATO-სთან დაახლოების მთავარი ინსტრუმენტი - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. შეფასების ჯგუფი ცოტა ხნის წინ ეწვია თბილისს, ჩაატარა შეხვედრების ფართო სპექტრი ქართველ კოლეგებთან და ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობას შეფასებას მომავალი წლის დასაწყისში გავუზიარებთ.
დოკუმენტი ქვეყნის ამბიციური ევროატლანტიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, კონსოლიდირებულ შეფასებასა და რჩევებს მოიცავს. NATO აგრძელებს ძალიან მჭიდრო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მადრიდის სამიტზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ამ გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში ვართ. არსებული გარემოს გათვალისწინებით, NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მხარდაჭერა გავაძლიერეთ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის შემდგომი ზეწოლის რისკის ქვეშ არიან და საქართველო ამ პარტნიორთა შორისაა.
ბუქარესტის შეხვედრას რომ დავუბრუნდე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მასში საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთ მინისტრებმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე ერთგულება კვლავ დაადასტურეს - ეს მოიცავს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხება.
ET: თქვენ ხაზი გაუსვით რეფორმების მნიშვნელობას საქართველოსთვის. რა არის ის ფუნდამენტური საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მომავალში შეიძლება, საფუძველი გახდეს NATO-ში ინტეგრაციისთვის.
ალექსანდრე ვინიკოვი: ყველა ქვეყანას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და წევრობისთვის ემზადებიან, რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება სჭირდება. ეს მხოლოდ თავდაცვის სფეროს არ ეხება. NATO ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და ჩვენ ველით, რომ ამ ღირებულებებს გაიზიარებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ.
ეს თავისთავად გულისხმობს სრულად ფუნქციონირებად დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს, საქართველოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ავღანეთში, NATO-ს მისიაში მონაწილეობით, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საფუძველია NATO-ში საქართველოს შემდგომი გაწევრიანების გზაზე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუტი ალიანსის პრინციპებთან მოდიოდეს შესაბამისობაში. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს.
ET: 10-11 ნოემბერს, NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ვიზიტზე და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხომ არ იყო მიღებული?
ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC-ის) დელეგაციის წევრები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ საქართველოში ვიზიტით. ეს NATO-ს მთავარი კომიტეტია, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობებს ზედამხედველობს.
სხვადასხვა საკვანძო ინსტიტუციასთან შეხვედრების ფართო სპექტრის შემდეგ, (თავდაცვის სამინისტრო, შსს, უშიშროების საბჭო, სსსგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი), (ასევე, საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება), დელეგაციას საშუალება მიეცა, არსებული ვითარების შესახებ სრული წარმოდგენა შექმნოდა. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოძისის ე.წ. ადმინისტრაციული ხაზი.
NATO-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველა დისკუსიის განუყოფელი ნაწილი იყო. ასევე ფართოდ განიხილებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და შავი ზღვის უსაფრთხოება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ყველა თანამოსაუბრე ერთხმად შეთანხმდა. ეს ვიზიტი გახლდათ იმ პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მადრიდის სამიტზე, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით გამოიხატა. ველით, რომ მჭიდრო და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მომავალ წელსაც ძალიან აქტიურად გაგრძელდება...
ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა კოორდინირებული, ერთიანი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ხომ არ განიხილავენ ხსენებულ საკითხს აშშ და NATO.
რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე.
2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა.
NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან.
ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ.
ET: NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. თქვენ ცოტა ხნის წინ, ვიზიტით იმყოფებოდით ხსენებულ ქვეყნებში, რას გვეტყოდით მის მთავარ მიზნებსა და შედეგებზე?
ალექსანდრე ვინიკოვი: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია.
სულ ახლახან, ოქტომბერში ვიმყოფებოდი სომხეთში და მქონდა შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი).
შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
ნოემბერში, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა.
ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა.
ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში, მათ შორის მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას.
NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.
საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ.