სპეციალური საგამოძიებო სამსახური: გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ჩვენ მიერ უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს ს.ს.კ. 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. 127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდეგაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მიმართულებით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში გაარტყა ხელი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახის საზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ანზორ გურულმა.