რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სამხედრო დაკვეთით მოქმედებდნენ, ხერსონის მუზეუმიდან ათასობით ძვირფასი არტეფაქტი და ხელოვნების ნიმუში გაიტანეს.
ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი.
რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, უფლებადამცველები ხერსონის კულტურულ დაწესებულებებში მივიდნენ და მუშებს და მოვლენების თვითმხილველებს ესაუბრნენ.
მათივე თქმით, ნოემბრის ოკუპაციის ბოლო დღეებში რუსებმა მანქანებში ჩატვირთეს ნახატები, სამკაულები, რელიგიური ხატები და ისტორიული დოკუმენტები და ექსპონატები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიტანეს.
Human Rights Watch-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ძარცვის აშკარა ნიშნები ორ მუზეუმში, მათ შორის ცარიელი სურათების ჩარჩოები, გატეხილი ყუთები და ვიტრინები.
სად არის ამჟამად მუზეუმის ექსპონატები, უცნობია.
უფლებადამცველები თვლიან, რომ ზოგიერთი ნივთი ანექსირებულ ყირიმში გადაიტანეს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარი მოქმედებების დროს მუზეუმებისა და კულტურული დაწესებულებების ქონების გაძარცვა, მითვისება ან ჩამორთმევა კვალიფიცირებულია როგორც ომის დანაშაული.
Human Rights Watch მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმომადგენლების ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზებულ ოპერაციად, უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ჩამორთმევის მიზნით.
რუსეთის ხელისუფლება უფლებადამცველთა ანგარიშზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.