" ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს", - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.
„ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ჯარისკაცებს ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა.
ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს.
ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.