რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას. საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა.

საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსაც შეხვდა.

ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.