უკვე მიღებული გვაქვს გზავნილი, რომ გაფართოების პაკეტში საქართველოს შეფასება გაზაფხულიდან დაიწყება - გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო ალბათ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდება! - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გააკეთა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თებერვლისთვის ის ყველა სამუშაო დასრულდება, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჩარჩოს ფარგლებში კეთდება.
როგორც ჯანჯალიამ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, უზარმაზარი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს. მისი თქმით, საქართველოს შეფასება წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროკომისიამ ითხოვა დრო იმისთვის, რომ შეფასება უფრო ეფექტურად მოხდეს.
“თავდაპირველი მოლოდინი იყო, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასება მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოხდებოდა, თუმცა კვლავ და კვლავ ევროკავშირის ინსტიტუციებიდან და კომისიიდან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასება ფორსმაჟორულ ვითარებაში მოეხდინათ. ამიტომ გვითხრეს: - მოდით, უფრო მეტი დრო ავიღოთ. ამასთან ერთად მათ გვითხრეს, რომ საქართველო აღარ მოხვდება და აღარ შეფასდება დამოუკიდებლად, არამედ მოხვდება გაფართოების ერთიან პაკეტში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროგრესი და შეფასების მხრივ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჩვენ კანდიდატ წევრ ქვეყნებთან ერთად ერთ კალათაში ვართ. ჩვენი შეფასება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ისაუბრა.