რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატებიდან თითოეულს უყარა კენჭი, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით გაიმართა საკომიტეტო მოსმენები. თუმცა ფრაქციები კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა მიმდინარე წელს ვერ მოხერხდა.
ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე, მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე , ლელა გაფრინდაშვილი, სოფიო დემეტრაშვილი, თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი.
სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა.
ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.