აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით TASS.RU ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 7 ადამიანისგან შედგება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი ინიშნება.
როგორც აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული.
აგრეთვე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად SOCAR-ის კონკურენტუნარიანობა, მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა, საინვესტიციო ეფექტურობის გაზრდა და აქტივების მნიშვნელოვანი ზრდა იქცა.