აშშ-ის ელჩი ნიკა გვარამიას საქმეზე: ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით

ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არსებობდა კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მთავარი მედია არხის ხელმძღვანელს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი არის გადაწყვეტილი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვები თავიდანვე დაიბადა, თუნდაც შერჩეულ სასჯელისა და მისი არაპროპორციულობის, ბრალდებასთან მიმართებაში და განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში.

მაშინ, როდესაც მედიასივრცე გარკვეულწილად მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ აღნიშნულ პროცესი მიმდინარეობს ან პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ეშინოდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების", - აღნიშნა კელი დეგნანმა. 


„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 2 ნოემბერს მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.