„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარლამენტში დაუდასტურეს.

ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მან ექიმების რეკომენტაციით შიმშილობა შეწყვიტა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.

მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.