თამარ გაბუნია: მოსახლეობის 60 % ვაქცინაცია უნდა მოხდეს, ჩვეულ რეჟიმში რომ განვაგრძოთ ცხოვრება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60 % ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

მისი თქმით, 60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს კოვიდამდე ნორმას დაუბრუნდეს და საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს.

"თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მოხდეს მობილობის მონიტორინგი. ვაქცინის მოქმედებასა დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი." - აცხადებს თამარ გაბუნია.

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს, თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს.

2020 წლის ივნისთან შედარებით, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა მხოლოდ 3%-ით გაიზარდა.