თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება.

„1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.