აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. ამის შესახებ ელჩი კელი დეგნანი აცხადებს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო.
„ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მივულოცო და პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიმართ, დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.
1977 წლიდან მისი უწმინდესობა სულიერ მხარდაჭერასა და წინამძღოლობას უწევს ქართველ ერს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. მისმა მადლმა, სიბრძნემ და ზნეობრივმა სიცხადემ სასიცოცხლო როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერის ხელახლა დაბადებასა და აღორძინებაში
მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მის უწმინდესობას და ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო მისი სიბრძნე, თანაგრძნობა და ძალა. მას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებაში და გასაკვირი არ არის, რომ ის ამდენ ადამიანს ასე უყვარს.
აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სანუკვარ ფასეულობებს – ღირებულებებს, რომლებიც ამერიკელებისთვისაც ძალიან ძვირფასია. თავისი ხანგრძლივი და გამორჩეული მოღვაწეობის განმავლობაში, პატრიარქი მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას გამოწვევების მშვიდობიანი გადაჭრისკენ და ის აგრძელებს იყოს ერთიანობის ხმა დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში.
შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო.
მილიონობით ადამიანი საზრდოობს უწმინდესის სულიერი წინამძღოლობით და ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულებით. ვუსურვებთ მას ძალას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კელი დეგნანის მილოცვის ტექსტში.