ტინი კოქსი: მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა მხარეს, ჩაერთონ საგნობრივ დიალოგში

ჰოლანდიელი დეპუტატის, ტინი კოქსის თქმით, პოლიტიკური გარემო საქართველოში დაძაბული იყო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და ახლაც, არჩევნების დასრულების შემდეგ. კოქსმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე ისაუბრა.

„Covid-ის დროს ჩატარებულმა არჩევნებმა არამარტო თავად მოქალაქეებისთვის გაართულა ხმის მიცემის პროცესი, არამედ ჩვენთვისაც არჩევნებზე დაკვირვება გაართულა. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ. ჩვენ უარის თქმა მოგვიწია ხმის მიცემის დაწყებამდე მისიის ჩასვლაზე და, საბოლოო ჯამში, დელეგაციის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა საქართველოში ჩასვლა. დელეგაციის პოსტელექტორალური ვიზიტი კი ჯერ გადაიდო, ხოლო შემდეგ - გაუქმდა“, - ამბობს დეპუტატი.

„სახელმწიფოს უნარი, გაეკონტროლებინა საარჩევნო დაფინანსება, შეზღუდული იყო, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ოდირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების არშესრულებაზე”, - განაცხადა ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო „კონკურენტუნარიანი და შედარებით თავისუფალი”. ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ იზიარებს კოლეგების მოწოდებებს, რომლებიც ოპოზიციას ურჩევენ, შეწყვიტონ ბოიკოტი და დაიკავონ ადგილები პარლამენტში.

კოქსმა ინიციატივით მიმართა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, რათა გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ.

„მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ საგნობრივ დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა“, - განაცხადა ტინი კოქსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.