ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში ჩავა და ლავროვს შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი, თებერვლის დასაწყისში, მოსკოვს ეწვევა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრებს.

ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, სხდომაზე მინისტრებმა სწორედ ნავალნის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და ბრიუსელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერი და მისი მხარდამჭერები.

„საბჭო ამას ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს, გმობს მასობრივ დაკავებასა და პოლიციის მიერ გამოვლენილ სისასტიკეს ამ უქმეებზე. მოვუწოდებთ რუსეთს, ნავალნისა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა კომისარმა.