პოლიციამ ცოლ-ქმარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ ცოლ-ქმარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", -ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.