სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა.
„კერძოდ, 1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1978 წ. დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წ. დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წ. დაბადებულმა ბ.ბ-მ, ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა მატერიალური ზიანი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.
საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულ 6 პირს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.
ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.