სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ კონტრაქციას მიზანმიმართულს უწოდებს იმ მიზნით, რომ პრეზიდენტზე მომხდარიყო ზეწოლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ დღევანდელი ბრიფინგი დაუგეგმავი იყო და დღეს არაფერს აპირებდა. ამასთან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან იმის გამო გავიდა, რომ ბევრ მათგანთან ბრძოლის საერთო წარსული აკავშირებდა. 

 

  • „ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან, არსად არ იყვნენ 2007 წელს, ახლა მასწავლიან და მიკითხავენ მორალს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან აქეთ-იქით, თუ როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, უკვე გამოიკვეთა და ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში ძალებს შორის, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან.

„ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება, დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.

მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?!

თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.