უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ახალი მასიური შეტევა დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსმა ტერორისტებმა ერთი-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა წლის ბოლო დღეებისთვის „შემოინახა“.
„რუსი ტერორისტები სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას წლის ბოლო დღეებისთვის ინახავდნენ. მათი ოცნებაა, რომ უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში აღნიშნონ, მაგრამ უკრაინელი ხალხის დამარცხება არ შეუძლიათ“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა 120-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა და მშვიდობიანი მოსახლეობა მოეკლა.
ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, უკრაინის რვა რეგიონის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ რუსული რაკეტები მათ ოლქებს უტევდნენ, მაგრამ საჰაერო თავდაცვა მათ ჩამოგდებაზე მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათობით რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინაში, მათ შორის 21 რაკეტა ოდესის ოლქში. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, 14 წლის გოგოა.

თავდასხმის ქვეშაა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვიც. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება. აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვში. ლვოვის მერმა ანდრი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90%-ს ელექტროენერგია გათიშული აქვს.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 21 რაკეტა ჩამოაგდო, მაგრამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსეთის მიერ ოდესის ოლქში გაშვებული რაკეტების რაოდენობა უცნობია.