მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო და აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე დაკავებულის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებას არ დაეთანხმა.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.