„სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიურ PCR ტესტირებას. გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი და არიან იზოლირებულად საკარანტინო სივრცეში. ასევე მათი კონტაქტებიც. მათ ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები. არიან თერმოსკრინინგის, სატურაციის მონიტორინგის ქვეშ. ასევე 72 საათში ანტიგენზე ტესტირება და შემდეგ კვლავ განმეორებითი PCR ტესტირება. ქსანის მე-15 დაწესებულებაში 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო. მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულია არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისაგან და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძის თქმით, პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან მიმართებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.
„ეს იქნება 40 შემთხვევა ქსანში, თუ 38 შემთხვევა გლდანში, მკაცრად კონტროლდება. ეს ადამიანები იზოლირებულნი არიან საკარანტინო სივრცეში, ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთავსებული არიან სამოქალაქო კლინიკაში. ესაა ჩვეულებრივი მართვის პროცესი. ტარდება მუდმივი მონიტორინგი. ინტენსიური PCR ტესტირების შემდეგ, კვლავ ხდება ტესტირება სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტით. ყველაფერი მიმდინარეობს სამედიცინო პროტოკოლის თანახმად და ვითარება ექვემდებარება კონტროლს“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.