ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა, ისტორიულ გადაწყვეტილებას მიუახლოვდა.
დეგნანის შეფასებით, ევროპა საქართველოსგან, ერთიან პოზიციას ელოდება.
„პირველ რიგში მშვიდობა, ყველასთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. მინდა ვუსურვო წარმატება ქართველ ხალხს, მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა, ჯანმრთელობა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, თუ ქართველები გადადებენ გვერდზე თავის განსხვავებულ პოზიციებს, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ევროპას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ. სწორედ ამას გისურვებთ. გილოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.