საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წამოადგინონ

"საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წამოადგინონ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების განსაზღვრაზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეეძლებათ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც covid-ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული ექნებათ, თავისუფლად შემოვლენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოვა რეგულაციები იქნება - კერძოდ, ორჯერადად ანუ covid-ზე სრულად აცრილი ადამიანებისთვის არაფერი იქნება საჭირო, დანარჩენებისთვის კი, სავალდებულო იქნება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი; ასევე, მიდის მსჯელობა, შემდგომ უკვე აქ ტესტირება უნდა განმეორდეს თუ - არა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.