NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: დაე, 2023 წელს თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და საქართველოს ახალი წელი მიულოცა.

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა.

„რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო.

ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ.

წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ.

ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო.
დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს.

და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.