მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.
კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება, 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
კანონით დაკონკრეტებულია, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, სტატისტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ, სამწუხაროდ, მკვლელობების 53 პროცენტში ცივი იარაღი ფიგურირებდა.
„ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ლიბერალური მიდგომები და კანონის ნორმები, რაც ცივ იარაღთან დაკავშირებით არსებობდა. კანონის გამკაცრებას ექნება პრევენციული ხასიათი, შემცირდება ცივი იარაღის ტარება. ცივი იარაღის ტარება აღიქმება უწყინარ ქმედებად, თუმცა კანონით ეს დასჯადია. საუბარი არ არის იმაზე, როცა ცივი იარაღის ტარება ხდება პროფესიული საქმიანობისთვის. საუბარია იმაზე, როცა ცივ იარაღს ჯიბით ატარებენ, ე.წ. ბარსატკებით. როცა კონფლიქტი ხდება, ხშირად ლეტალური შედეგები სწორედ ცივი იარაღით დგება. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ასეთ გაუაზრებელ საქციელს. ჩვენი მიზანი არ არის დანებთან ბრძოლა, ჩვენი ამოცანაა მძიმე დანაშაულთან, მკვლელობასთან ბრძოლა. ზოგჯერ მსხვერპლები არიან ძალიან მცირე ასაკის ადამიანები, რაც ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა და ეს ცვლილებები სწორედ მძიმე დანაშაულის პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა დარახველიძემ.